
კრემლი "დრონებით" თავდასხმაში შეერთებულ შტატებსაც ადანაშაულებს
04/05/2023 10:44:44 მსოფლიო
"დრონებით" თავდასხმაში კრემლი შეერთებულ შტატებსაც ადანაშაულებს. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხდა, რომ "სასაცილოდ ჟღერს უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მათ არ უკავშირდებათ კრემლზე "დრონით" თავდასხმა".
პერსკოვის თქმით, "მოსკოვმა იცის, რომ კიევი ვაშინგტონის კარნახით ირჩევს დარტყმის საშუალებებსაც და სამიზნეებსაც".
"რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი და სხვა დეპარტამენტები კრემლზე უკრაინული "დრონების" თავდასხმას იძიებენ, სწორედ მათზეა დამოკიდებული სამუშაოს ვადები. მომხდარზე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება. ამის უარყოფის მცდელობები - როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მსგავს ქმედებებზე, მსგავს ტერაქტებზე, კიევში არ მიიღება, არამედ სახელდობრივ – ვაშინგტონში“, - განაცხადა პესკოვმა.
3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა. კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
3 მაისს ფინეთში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას, თავად რუსეთის მიერ ინსცენირებულად მიიჩნევს