
უკრაინის სპეცსამსახური რუსი ჯაშუშის დაკავების შესახებ იუწყება, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში იყო „ჩანერგილი“
04/05/2023 11:29:00 ევროპა
უკრაინის კონტრდაზვერვა იუწყება მტრის ინფორმატორის დაკავების შესახებ, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების შესახებ აგროვებდა მონაცემებს.
მათი ცნობით, „ბოროტმოქმედიყირიმის მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც 2014 წელს მხარს უჭერდა რუს ოკუპანტებს და დარჩა დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე“:
„იქ მან მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი და ნებაყოფლობით ჩაირიცხა აგრესორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. შემდგომში მას რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელმა მიმართა ფარული თანამშრომლობის „წინადადებით“.
სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე აღნიშნული პირი დავალების შესაბამისად ჩავიდა ნიკოლაევის რეგიონში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ.
გამოძიების მიხედვით, მას უკრაინის სამხრეთ რეგიონის ტერიტორიაზე უნდა შეეგროვებინა სადაზვერვო მონაცემები ჯარების განლაგებისა და გადაადგილების ადგილების შესახებ და ამ მიზნით 2022 წელს ის ჩაირიცხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში:
„უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილის რიგებში ყოფნისას ბოროტმოქმედი ჯაშუშობდა საბრძოლო თვითმფრინავების მოძრაობის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის პოზიციების მიმართულებით. იგი ასევე დაინტერესდა თავდაცვის ძალების საბრძოლო და საწვავი-საპოხი მასალების საწყობების შესახებ“,– აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში და დასძენენ, რომ ის მტრის მისიის შესრულებისას დააკავეს.
გამომძიებლების თქმით, მან დამპყრობლებს მიღებული ინფორმაცია გადასცა ყირიმში მცხოვრები ყოფილი მეუღლის მეშვეობით, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხედველობის არეში იმყოფება. კომუნიკაციისთვის ანონიმური „მესენჯერი“ გამოიყენეს.