
მივესალმებით სომხეთ–აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს – სალივანი
04/05/2023 12:35:41 კავკასია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს და ხელს ვუწყობთ დიალოგის გაგრძელებას“, - დაწერა სალივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ”მდგრადი და სამართლიანი შეთანხმება იქნება გასაღები ორივე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის შესაძლებლობების გასახსნელად”.
„მოხარულები ვიყავით, გვემასპინძლა არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვისთვის თეთრ სახლში“, - განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
ცნობილია, რომ დღეს, 4 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასკვნით შეხვედრას დაესწრება.
სახელმწიფო მდივანი 1 მაისს პირისპირ შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რასაც მოჰყვა სამმხრივი შეხვედრა, შემდეგ კი ორმხრივი მოლაპარაკებები არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის.
4 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თვეში რუსეთი უმასპინძლებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრას, რომლებიც ამჟამად აშშ–ში სახელმწიფო მდივნის ჩართულობით მართავენ მოლაპარაკებებს.
„ორი ქვეყნის - სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვეში რუსეთში უნდა გაიმართოს“, - განაცხადა ალიევმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს „უფრო სასარგებლოდ და საჭიროდ“ მიიჩნევს.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, თუ, რა თქმა უნდა, სომხეთიც მზად იქნება ამისათვის“, - დასძინა ალიევმა.