
„ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს
15/11/2019 11:10:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, 2020 წლის არჩვენების პროპორციული სისტემით არჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამართული ბრიფინგიდან ირკვევა.
„ქართული ოცნების" ინიციატივა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა – საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა 2020 წელს პროპორციული არჩვენების გადმოწევის ინიციატივის ვერგანხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ირჩევდნენ ხელისუფლებას", – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება".
მისივე თქმით, არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი.
"შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ეს მინდა ცალსახად განვაცხადო. შეგახსენებთ, ასევე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი, სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში", – განაცხადა თალაკვაძემ.