
პრიგოჟინი შოიგუსა და გერასიმოვს "ვაგნერის" მებრძოლების სიკვდილში ადანაშაულებს და უწმაწური სიტყვებით მიმართავს
05/05/2023 06:20:50 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პროგოჟინმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც, მისი თქმით, დაღუპული "ვაგნერელები" ჩანან.
იგი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს მებრძოლების სიკვდილში ადანაშაულებს. პრიგოჟინი, რომელიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში კრემლისგან არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს ვიდეოში აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალების სათანადოდ მიწოდების შემთხვევაში მსხვერპლი ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა.
„ესენი ვიღაცის მამები და შვილები არიან. თქვენ იქ ზიხართ თქვენს მდიდრულ კლუბებში, თქვენი შვილები დამოკიდებულები არიან YouTube-ისთვის კლიპების გადაღებაზე. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ამ ცხოვრების მეპატრონეები? როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მათი სიცოცხლის განკარგვა? მარტივი მათემატიკაა. თქვენ რომ ნორმალური რაოდენობის საბრძოლო მასალა მოგეწოდებინათ, ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა დაღუპული. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ მსუქანი კატებივით ისხდეთ თქვენს მდიდრულ კაბინეტებში“, - აცხადებს პრიგოჟინი და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებს უწმაწური სიტყვებით მიმართავს.