
თალაკვაძე – "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე: "პოზიტიურ ინიციატივებში გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი"
15/11/2019 11:32:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "პოზიტიურ ინიციატივებში" "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების იმედი აქვს.
“მე რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ, 11:00 საათზე, გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას. უმრავლესობის სხდომაზე შევიკრიბებით ის დეპუტატები, ვინც რჩებიან უმრავლესობის რიგებში. რაც შეეძლება ჩვენს თანაგუნდელებს, რომლებმაც სამწუხაროდ დატოვეს, ჩვენ გვქონდა მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები. მომავალში ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და პოზიტიურ ინიციატივებში ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და დარწუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ 15 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას