Accentnews.ge
რისთვის მოიღწვის კადიროვი საქართველოსკენ

რისთვის მოიღწვის კადიროვი საქართველოსკენ

15/11/2019 12:08:27 კავკასია, თვალსაზრისი, ანალიზი

მოკლე გზა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ჩეჩნეთის გავლით დააკავშირებთ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს იდეა-ფიქსად ექცა. იგი ამ საკითხს წლიდან წლამდე აყენებს. თანაც, როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა მზადაა, იდეის რეალიზებისთვის სიტყვიდან საქმეზე უახლოეს ხანებში გადავიდეს. თუმცა საქართველოში კადიროვის ინიციატივას სიფრთხილით ეკიდებიან.

„ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობის საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გზაა ჩვენთვის და კავკასიისთვის. იტუმ-კალედან [სოფელი ჩეჩნეთის სამხრეთში] საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, იქიდან მიდიხარ თურქეთის გავლით ევროპამდე. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ ეს გზა უნდა გავხსნათ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან – საქართველოსთან“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა გაიხსენა წინაპრები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში “გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებმაც იციან ისტორია".


აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წერს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხზე გავიდა 20-წუთიანი სიუჟეტი, რომელშიც ამ თემაზე იყო საუბარი და ყურადღება სწორედ ხალხებს შორის მეგობრობაზე, ძმობაზე და ისტორიულ კავშირზე იყო გამახვილებული:

„ჩეჩნებსა და ქართველებს უძველესი დროიდან აერთიანებთ მეგობრული და ძმური ურთიერთობები. ძველი დროიდან ამ მთებში გადიოდა ბილიკები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აკავშირებდათ. გარდა ამისა, ჩვენ გვაახლოებს კულტურა, რომელიც ძალიან მსგავსია მთის ყველა ხალხისათვის. ამდენად, ამ მთებში რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი დიდი გზის გაყვანა თავად ისტორიის მოთხოვნაა“.

ამჯერად, 13 ნოემბერს გაკეთებულ ახალ განცხადებაში კადიროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გზის მშენებლობის საკითხს იმისთვის აყენებს, რომ ხელისუფლებამდე პერსპექტივაში საკითხის გადაჭრის აუცილებლობა მიიტანოს”:

„ჩვენ ამ საკითხებს ვაყენებთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ დღეს დავაყენებთ საკითხს, ის ხვალვე გადაწყდება. ჩვენ ვამბობთ, რომ არის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების აუცილებლობა და სურვილი, რომ მომავალში შესაბამისმა უწყებებმა დაამუშავონ ეს საკითხი“.

უნდა ითქვას, რომ წარსულში კადიროვი ამ მხრივ უფრო ოპტიმისტური იყო. საქართველოში პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ალაპარაკდა, რომელთა შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა პროექტის რეალიზებისთვის მთავარ პირობად საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვება დაასახელა:

“ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მეზობელზე: აგერ მთებია, მთებს იქეთ -  უკვე საქართველო [...]. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ბევრად უფრო მომგებიანია, ნახევარ საათში უკვე საქართველოში იქნები. თურქეთი კი უფრო შორია. მე ოკეანეს იქეთ საქართველოს მომავალს ვერ ვხედავ. საქართველოს სჭირდება ძმა და არა ის, ვინც მას იყენებს. ჩვენთან უყვართ ქართული ცეკვა, სიმღერა. ჩვენც ჩავალთ იქ საკონცერტო და სპორტული პროგრამებით, მანდარინის, ფორთოხლის შესაძენად... მოკლედ, კარგად ვიცხოვრებთ. ჯერ სააკაშვილს სასწავლებლად გავგზავნით ოკეანეს იქეთ და მერე ყველანი ერთად კარგად ვიცხოვრებთ“.   

მას შემდეგ გავიდა 7 წელი, სააკაშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა პროექტის რეალიზებისთვის ნაბიჯები არ გადადგმულა. 2012 წელს კადიროვის ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროექტის რეალიზებას არ ჩქარობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგეელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, მას ეს საკითხი არასოდეს განუხილავს რუს კოლეგასთან პრაღის შეხვედრაზე, სადაც სწორედ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობენ:


„ჩეჩნურ სოფელ იტუმ-კალისა და ქართული შატილის დამაკავშირებელი გზის გახსნა არ იგეგმება. მეტიც, ეს საკითხი არასოდეს განხილულა. მსგავსი განცხადებები დროდადრო გვესმის, თუმცა საკითხი არსად განხილულა, არც ერთ ფორმატში, რუსეთის ხელისუფლებასთან მსგავსი საუბრები არ ყოფილა და ამ მხრივ არაფერი იგეგმება“.

მიუხედავად ამისა, გროზნო დაჟინებით იმეორებს, რომ ეს გზა გასახსნელია და უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მხრიდან მის რეაბილიტაციაზე სოლიდური თანხებია გათვალისწინებული. ამ განზრახვის სერიოზულობაზე მეტყველებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც 2012 წელს არის მიღებული, საბოლოოდ 2015 წელს დამტკიცდა და 2025 წლამდე გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. დოკუმენტში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მდინარე არღუნის გასწვრივ, იტუმ-კალიდან საქართველოს საზღვრამდე გზა რესპუბლიკის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების რიცხვშია, თანაც ფედერალურ დონეზე ინიცირებულის. სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, გზის 49 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია 2021 წელს უნდა დაიწყოს, ხოლო ექსპლუატაციაში იგი 2025 წელს უნდა შევიდეს.

რუსეთში მოღვაწე ექსპერტები თვლიან, რომ კადიროვის ინიციატივა წარმოადგენს კარგ ალტერნატივას საქართველოს სამხედრო გზისთვის, თანაც არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მსგავსი მოსაზრება აქვს მაგალითად, ჩეჩენ პოლიტოლოგ იავუს ახმადოვს:

„ეს არა მარტო ხელსაყრელია, არამედ სტრატეგიულად აუცილებელიც. იტუმ-კალის გზას მთელი რიგი უდიდესი უპირატესობები გააჩნია: უპირველესად, იგი საქართველოს სამხედრო გზაზე (თბილისამდე) თითქმის 1/3-ით მოკლეა. ვფიქრობ, იმ დაინტერესებას, რომელსაც ახლა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იჩენს, დიდი და პოზიტიური მომავალი აქვს“.

თუმცა საქართველოს საექსპერტო წრეებში მის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ პროექტის რეალიზება საქართველოს ინტერესებში არ შედის, მით უფრო, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან დამაკავშირებელ ყველა გზას ყოველთვის სამხედრო მიზნით იყენებდა:


„როგორც ჩვენმა ტრაღიკულმა ისტორიამ გვიჩვენა, აფხაზეთის 1992-1993 წლების ომშიც ფსოუსკენ გზა საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, რადგან იქედან ხდებოდა აფხაზი სეპარატისტების იარაღით მომარაგებაც და ბოევიკების შემოდინებაც. უკვე შემდგომ, 2008-ში როკის გვირაბი რუსეთმა საქართველოზე შემოტევისთვის გამოიყენა, ეს მეორე ვარიანტია და ახლა მესამე გზის მშენებლობაში არანაირი აუცილებლობა არ არის“.

იმ აზრს, რომ აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს ინტერესებში არ შედის, იზიარებს საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძეც, თუმცა იგი არა იმდენად სამხედრო, რამდენადაც ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის კუთხით არსებულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ჩეჩნეთი საქართველოსთვის ვერ იქნება მიმზიდველი ვერც პოლიტიკური მოცემულობით და ვერც ეკონომიკურად, ხოლო კადიროვს რა ინტერესი აქვს თავისი რეგიონის განვითარებისთვის – ეს  საქართველოს ხელისუფლებისთვის მეოთხეხარისხოვანი უნდა იყოს:


„სანამ ჩეჩნეთი რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტია, ცალკე აღებული ჩეჩნეთის ინტერესი არ არსებობს. შესაბამისად, კადიროვი მარტივი მოცემულობიდან გამომდინარე ლაპარაკობს: რუსეთის განაპირა რეგიონები ცენტრთან შედარებით, ასიმეტრიულადაა განვითარებული, ეკონომიკური განვითარების ხარისხი იქ შედარებით დაბალია. თუ საკითხს მარტივად შევხედავთ, კადიროვი ფიქრობს, რომ აღნიშნული მაგისტრალით რუსეთიდან საქართველოში შემომავალი ტვირთების მოძრაობა და საქართველოსთან ინტერაქციის ხარისხი გაიზრდება, რაც ჩეჩნეთის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. არ დავიწყებ შეთქმულების თეორიების განვითარებას, რომ ჩეჩნეთს საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა სხვა მიზნით სჭირდება. მთავარი ისაა, პროექტის განხორციელება რამდენად შედის საქართველოს ინტერესებში. ჩეჩნეთი არის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თანაც მილიტარიზებული რეგიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩნდება დამატებითი ინფრასტრუქტურული ერთეული, რათა ჩეჩნეთიდან სამხედრო ძალების გადმოსროლა მოხდეს უფრო მოკლე დროში, ვიდრე არსებულ პირობებში შეიძლება, მოხდეს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას არ აქვს #1 სამხედრო მნიშვნელობა არც საქართველოსთვის და არც რუსეთის ფედერაციისთვის: რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აქვს ორი საოკუპაციო ფორპოსტი მოწყობილი, სადაც საკმაოდ დიდი ოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკაა განთავსებული. შესაბამისად, სამხედრო თვალსაზრისით საქართველო უკვე დგას საკმაოდ სერიოზული რისკის წინაშე და ამ შემთხვევაში ჩეჩნეთის გზა მნიშვნელოვან გარდატეხას არ შეიტანს. მეორეა ეკონომიკური ინტერესები: ჯანსაღ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება უნდა მიდიოდეს იმ გზით, რომ რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დავიდეს, ის არ იყოს ჩვენი პრაქტიკულად #1 ეკონომიკური პარტნიორ, რათა ნებისმიერი დამოუკიდებელი ნაბიჯით გაღიზიანებულმა რუსმა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლონ ჩვენს ეკონომიკაზე დარტყმების განხორციელება. შესაბამისად, ჩვენ დროს, ენერგიას, რესურსებს და თანხებს უნდა ვხარჯავდეთ არა რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, არამედ ევოკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრელებით გათვალისწინებული სიკეთეების ათვისებაზე, ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე და უნდა ვიმუშავოთ აზიურ ბაზრებზე. რამდენადაც ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა აშშ-სა და ინდოეთთან. ანუ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით“.

მოსკოვს კადიროვის ძველ-ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გასულ წერს როსავტოგზების ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა არ გამორიცხა, რომ პროექტი განხორციელდეს, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის შესაბამისი შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S