
ევროპის საბჭოს გენმდივანი: „მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს საარჩევნო რეფორმა“
15/11/2019 12:24:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენმდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების ფაქტს ეხმიანება და საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს საარჩევნო რეფორმა.
„საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმები, მათ შორის – საარჩევნო რეფორმა. ევროპის საბჭო და ვენეციის კომისია მზადაა, საქართველოს დახმარება გაუწიოს“, – წერს სოციალურ ქსელში ევროპის საბჭოს გენმდივანი პრეს–მდივანი დანიელ ჰოლთგენი.
ცნობისთვის: 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.
აღნიშნულის შემდეგ 15 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებენ.
იხილეთ ასევე: ვინ დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას