
ევროპის რომელ ქალაქებშია ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი
05/05/2023 15:19:00 ევროპა
ორგანიზაცია Greenpeace-მა ევროპის 30 ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ვითარება 4 კრიტერიუმით შეაფასა და ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც Euronews წერს, კრიტერიუმებს შორის იყო: ბილეთების შეძენის სიმარტივე, გრძელვადიანი ბილეთების ხელმისაწვდომობა, შეღავათები სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის და საკომისიო გადასახადები.
ყველაზე მაღალი ქულები მარტივად გამოსაყენებელი ბილეთებისა და შეღავათების კატეგორიაში მოიპოვეს: ლუქსემბურგმა, მალტამ, ავსტრიამ, გერმანიამ, კვიპროსმა და ესპანეთმა. ხოლო ქალაქების ჩამონათვალში კი პირველი სამი ადგილი ტალინმა, ლუქსემბურგმა და ვალეტამ გადაინაწილეს.
ირკვევა, რომ ყველაზე ძვირი და არაადაპტირებული ტრანსპორტი ამსტერდამში, ლონდონსა და დუბლინშია – დღიური ბილეთის ფასი €2.25-ს აღემატება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი ანალოგიურია პარიზშიც.
ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთთვიანი ან ერთწლიანი ბარათები ყველაზე ხელმისაწვდომი პრაღაში, ბრატისლავაში, რომსა და ვენაშია – დღიური მგზავრობა დაახლოებით, €0.85 ჯდება. ამავე კატეგორიაში მოხვდა მადრიდიც, თუმცა მხოლოდ დროებით, რადგან ქალაქში ერთთვიანი ბილეთის ღირებულება 2023 წლის 30 ივნისამდე 60%-იანი ფასდაკლებით იყიდება.