
"ქართული ოცნება” “გერმანული მოდელით” არჩევნებს გამორიცხავს
15/11/2019 13:56:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, “გერმანულ მოდელით” არჩევნების ჩატარება ასევე საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
"გერმანულ მოდელზე იყო საუბარი, გამოდის, ამდენი ხანი ჩვენ შეგვეძლო, გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და არ გვცოდნია. ჩვენს კონსტიტუციაში მკაცრად გვაქვს გამიჯნული, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები: 73 მაჟორიტარი და 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი. შესაბამისად, ეს გამორიცხავს იმას, რაც წერია გერმანულ მოდელში. საარჩევნო მოდელში შეიტან ცვლილებებს, მაგრამ კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. ანუ კონსტიტუციური ცვლილებაც საჭიროა”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია ამ ეტაპზე 100 ხმის პრინციპით კანონპროექტის მიღება:
"ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ კანონპროექტი 100 ხმით არის გასული. 100 ხმით როდესაც გადის სამივე მოსმენით კონსტიტუციური პროექტი, მაშინ მეორე მოწვევის დადასტურება უნდა იგივე წესით და იგივე პრინიციპით. ანუ, რა გამოდის, 2020 წლის პარლამენტმა წინა რიცხვით ხომ არ უნდა დაამტკიცოს, როგორც უნდა ჩატარდეს წინა არჩევნები. აქ უკვე ღიმილისმომგვრელ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, იურიდიული ლოგიკა მათ მოთხოვნებში არ იყო".