
40–მა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა მოლდოვაში სამიტზე ჩასვლის განზრახვა
08/05/2023 08:07:15 ევროპა
ევროკავშირის ქვეყნების 40-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ასევე ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელიც 1 ივნისს კიშინიოვში გაიმართება,– იუწყება Newsmaker.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველმა დაადასტურა საკუთარი მზაობა, ჩავიდეს მოლდოვაში.
ვიზიტორთა შორის იქნებიან რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ესპანეთის პრემიერ–მინისტრი პედრო სანჩესი, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი, იტალიის პრემიერ–მინისტრი ჯორჯია მელონი, ჰოლანდიის პრემიერ–მინისტრი მარკ რუტე, ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, დანიის პრემიერ–მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ბელგიის პრემიერ–მინისტრი ალექსანდრე დე კროო, ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი, პოლონეთის პრემიერ–მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ასევე დაადასტურეს მოლდოვაში ვიზიტის გეგმები.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტი კიშინიოვიდან 35 კილომეტრში, მიმის ციხესიმაგრეში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართება. მოლდოვის დედაქალაქში ღონისძიების მოსამზადებლად უკვე დაიწყო პოლიციისა და სპეცრაზმის წვრთნები, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი პრაღაში გასული წლის 6-7 ოქტომბერს გაიმართა. ეს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივაა, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს. ჩანაფიქრის მიხედვით, თანამშრომლობის ეს პლატფორმა არ არის ევროკავშირის გაფართოების ალტერნატივა.