
სასამართლოში ლაზარეს საქმის განხილვა გადაიდო
08/05/2023 08:16:46 სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
როგორც გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი ამბობს, მიზეზი დაცვის მხარის სააპელაციოსთვის მიმართვაა: იგი იმ მტკიცებულების დაშვებას ითხოვს, რომელიც საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად სცნო.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს 5 მაისს მიმართა და გადაწყვეტილება 5 დღეში უნდა იქნას მიღებული.
მისივე განმარტებით, ლაზარეს პროცესის ჩანიშნვაც სააპელაციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული: სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელ მოსამართლეს მიეწერება გრიგორიადისის საქმე.
განსასჯელი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის: ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ასევე 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა და ამ ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე ჯამში 6 პირი დააკავეს, მათგან 5 გირაოს გადახდის სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.