
უკრაინის დაზვერვა: რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყირიმს ტოვებენ
08/05/2023 08:22:08 ევროპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ყირიმის რუსული ადმინისტრაციის თანამშრომლები ანექსირებულ ნახევარკუნძულს ტოვებენ.
სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, "ყოველ ჯერზე, როცა ვინმე "არასწორ ადგილას ეწევა", ან ოკუპანტების მხრიდან უკრაინული ნახევარკუნძულის "დემილიტარიზაციის ღონისძიებები ტარდება“, მრავალკილომეტრიანი საცობები შეინიშნება ყირიმიდან რუსეთის ტერიტორიაზე გასასვლელთან".
„დიახ, ისინი მიდიან. თუ ვისაუბრებთ უფრო ვიწრო ჯგუფზე - ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაზე, სარდლობაზე, მათ უკვე იზრუნეს ოჯახების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანაზე. ვისაც გაუმართლა, ისინი უკვე გაიყვანეს... მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის განაგრძობენ იმის ლაპარაკს, თითქოს "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ”- აღნიშნა იუსოვმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მოლოდინში რუსები ყირიმის დატოვებას და ძვირფასეულობის გატანას ცდილობენ.
29 აპრილს სევასტოპოლის ნავთობბაზაზე თავდასხმის შემდეგ რუსული სამთავრობო თვითმფრინავი Tu-204-300 ყირიმიდან აფრინდა. კონკრეტულად ვინ იყო მასში, უცნობია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა.
ბოლო კვირების განმავლობაში სულ უფრო მეტი განცხადება კეთდება უკრაინის კონტრშეტევის შესახებ. მისი თარიღისა და მიმართულების შესახებ არაფერია ცნობილი. ზოგი კიევის მიზნად დონბასს ასახელებს, ზოგი – ყირიმს.