08-05-2023 13:53:09 ეს საინტერესოა
ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი", ხუთი „საოცარი იარაღიდან“ ერთ-ერთი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს პომპეზურად წარადგინა, დაუცველია ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების წინაშე,– იუწყება გამოცემა "The Moscow Times".
სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის ნაყოფი, რომელზეც რუსეთის მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 20 ტრილიონი რუბლი დახარჯა, 4 მაისის ღამის იერიშის დროს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ეს ინფორმაცია მოგვიანებით CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
მისი თქმით, რაკეტების გასანეიტრალებლად ამოქმედდა 1970-იან წლებში შემუშავებული "პატრიოტის" სისტემები, რომლებიც უკრაინამ აპრილში გერმანიისა და ნიდერლანდებისგან მიიღო.
ცნობისთვის: რუსული მხარის განცხადებით, "კინჟალს" ხმის სიჩქარეზე 10-ჯერ უფრო სწრაფად ფრენა შეუძლია და ატარებს ქობინს, რომელიც ნახევარ ტონას იწონის.
"კინჟალზე" საუბრისას პუტინი აცხადებდა, რომ მას "მსოფლიოში ანალოგი არ აქვს" და "გარანტირებულია არსებული და პერსპექტიული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვა". მაგრამ 4 მაისის მოგერიებამ აჩვენა, რომ "პატრიოტს" შეუძლია, გაანეიტრალოს არა მხოლოდ ბალისტიკური რაკეტები, რაც ადრე მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად ითვლებოდა" - განაცხადა ამერიკელმა მაღაჩინოსანმა.
"მისმა ჩამოგდებამ პენტაგონში ცოცხალი დისკუსია გამოიწვია. რუსეთი ამტკიცებდა, რომ "პატრიოტი" იყო „მოძველებული ამერიკული სისტემა" და რომ "რუსული იარაღი მსოფლიოში საუკეთესოა“, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ აშშ-ის საჰაერო თავდაცვა მუშაობს ჰიპერბგერითი რაკეტების წინააღმდეგაც. "კინჟალების" გაშვებამდე რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ისინი სამიზნეებს მიაღწევდა. რაც მოხდა, მოსკოვისთვის მორიგი სილის გაწნვის ტოლფასია",– განაცხადა ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.