
სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ორ პირს მსჯავრი დაუმძიმა
08/05/2023 13:07:35 სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს მსჯავრი დაუმძიმა და თავისუფლების 3-3 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ამ გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის განაჩენი შეიცვალა. კერძოდ, მანამდე, საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს თავისუფლების 1 წლითა და 3 თვით აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ზაზა ჭაავასა და მურად დევდარიშვილს თავისუფლების 1 – 1 წლით აღკევთა, ხოლო თედო ბურდულს, გენო გერმანიშვილსა და გიორგი ხეჩუაშვილს თავისუფების 3 – 3 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი.
საქმის ეს კონკრეტული ეპიზოდი ეხებოდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის ზურაბ ცერცვაძის, "ფორმულის" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას.
5 ივლისის აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
5 ივლისის ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე დაკავებული არ არის.