
ლაზარე გრიგორიდისის სასამართლო პროცესი 18 მაისს გაიმართება
08/05/2023 15:00:08 სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 18 მაისს 11 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც მარტის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ასევე 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა და ამ ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე ჯამში 6 პირი დააკავეს, მათგან 5 გირაოს გადახდის სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.