
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის 17 ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოვაგდეთ
09/05/2023 07:47:29 ევროპა
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დღეს დილით განაცხადა, რომ „რაშისტებმა“ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანეს საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით.
სარდლობის ინფორმაციით, 8 მაისს, ღამის 10:00 საათისთვის მოწინააღმდეგემ შავი ზღვიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ გაუშვა 8 ფრთოსანი რაკეტა(„კალიბრი“) და ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.
9 მაისს, დილის 04:00 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრინავიდან ტუ-95. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 17 ფრთოსანი რაკეტიდან(Х-101/Х-555) 15 განადგურებულია, მათ შორის 14 ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და 1 - სამხრეთში.
უკრაინაში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის გამო გამთენიისას გამოცხადებული საჰაერო განგაში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი. დაშავდა ახალგაზრდა ქალი. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის გოლოსიივსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოცვენას ხანძარი მოჰყვა სახლის ეზოში. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დილის 06:00 საათის შემდეგ შეწყდა.