
ბერბოკი ბერლინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს
09/05/2023 07:58:26 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 9 მაისს, ბერლინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განს მიიღებს. ამის შესახებ 8 მაისს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კრისტოფერ ბურგერმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ბერბოკის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, "აზრების ორმხრივი გაცვლის გაგრძელებაა."
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის აგრესიასაც შეეხება.
"ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საკითხში და ეს არის ძალიან, ძალიან მაღალი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი", - თქვა სპიკერმა. მისი თქმით, გერმანია და ევროპა "უზარმაზარი ინტერესით" მიჰყვებიან "ყოველ ნაბიჯს, ყველა ზომას", რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს "ამ აგრესიის საბოლოო შეწყვეტას."
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრა ჯერ არ არის დაგეგმილი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიის გარდა, ცინი საფრანგეთსა და ნორვეგიას ეწვევა.