Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: "ეს ცვლილებები გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან"

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: "ეს ცვლილებები გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან"

09/05/2023 09:36:29 პოლიტიკა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრების მიერ დაინიცირებული ცვლილებები გვაშორებს ევროკავშირის 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საუბარია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ხოლო მისი დამტკიცება ჩვეულებრივ უმრავლესობას შეეძლება.

„ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12–პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12– პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ, ორი უკან და ამით ვინმეს დაუახლოვდე. პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი – უკან იქნები",– განაცხადა მსხილაძემ.

მოქმედი კანონმდებლობით ( „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული), ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია. გარდა ამისა, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი ნაცვლად კვალიფიციურისა. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S