
გაგლოევმა გამსახურდია და უკრაინის მოქმედი ხელისუფლება ნაცისტებს გაუთანაბრა
09/05/2023 11:59:06 კონფლიქტები
საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი სამხედრო აღლუმებით, „უკვდავი პოლკის“ ტრადიციული მსვლელობებითა და მიტინგებით აღნიშნეს.
ოსური სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალში ჩატარებულ სამხედრო აღლუმში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს, ასევე მე-4 რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, წარმოდგენილი იყო 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც, რომლის მონაწილეებს ეკავათ არა მარტო მეორე მსოფლიო, არამედ უკრაინის ამჟამინდელ ომში დაღუპულთა ფოტოებიც.
შეკრებილთ დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მიმართა, რომლის მტკიცებით, "ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით, კიდევ მოგვიანებით უკრაინაში ბანდერას იდეურმა მემკვიდრეებმა გააჩაღეს ტერორი, ომი და დღეს ოსი მებრძოლები, რომელთა მამა-პაპებმა 1945 წელს ფაშიზმზე გაიმარჯვეს, რუს ძმებთან ერთად ნაციზმს უკრაინაში ებრძვიან".
აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით კი, 9 მაისი სოხუმის სანაპიროზე ადგილობრივი დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურებისა და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა „საზეიმო მსვლელობით“ აღინიშნა. ჩატარდა "უკვდავი პოლკის" მსვლელობა და მიტინგიც, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გამოქვეყნდა ე.წ. პრეზიდენტის მილოცვაც, რომელშიც ასლან ბჟანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მადლობას უხდის სიმამაცის მაგალითისთვის და გაგლოევის მსგავსად, იქვე პარალელს ავლებს 1990-იანი წლების მოვლენებთან: "მადლობა 1992-1993 წლების სამამულო ომის დროს აფხაზეთის ყველა დამცველსაცო“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ რეგიონების დე ფაქტო ლიდერები დღეს არ დასწრებიან მოსკოვში გამართულ საზეიმო აღლუმს და არც კრემლის მიერ მიწვეულთა შორის ფიგურირებდნენ. მოსკოვის წითელ მოედანზე პრეზიდენტ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს მხოლოდ ბელარუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები დაესწრნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად.