
პრიგოჟინი - პუტინზე: "ბედნიერ ბაბუს ჰგონია, რომ კარგადაა"
09/05/2023 13:26:55 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დღეს მოსკოვში, "გამარჯვების აღლუმზე" სიტყვით გამოსვლის შემდეგ უკრაინაში მებრძოლი, არაერთ ქვეყანაში ტრორისტულად გამოცხადებული რუსული გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კვლავ საბრძოლო მასალის დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას, პუტინს "ბაბუდ" მოიხსენიებს და ფორნტზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ მის "ბედნიერ არაინფორმირებულობაზე" მიუთითებს.
"ბედნიერ ბაბუს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა… როგორ მოვიგოთ ომი, თუ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუ სრული ნაძირალაა?! თავდაცვის სამინისტროს "ვაგნერელებისთვის" საბრძოლო მასალა ამ დრომდე არ მოუწოდებია, არადა, ნახევარ წელზე მეტია, ბახმუტს ვუტევთ და უდიდეს დანაკარგს განვიცდით! თან გვემუქრებიან, თუ პოზიციებს დატოვებთ, სამშობლოს მოღალატეებად გამოგაცხადებთო! და ეს - მაშინ, როცა თავად თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა და ფრონტის ხაზზე 2-კილომეტრიანი ხვრელი დაგვიტოვა!" - აცხადებს პრიგოჟინი, რომლის ინფორმაციით, "ვაგნერელებს" აუცილებელი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10% მიეწოდებათ.
ცნობისთვის: გასულ კვირას პრიგოჟინმა, რომელსაც ადრე "პუტინის მზარეულად" მოიხსენიებდნენ, პუტინს ულტიმატუმი წაუყენა, თავდაცვის მინისტრ შოიგუს მწვავედ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის კვლავ არმიღების შემთხვევაში მისი დაჯგუფება პოზიციებს 10 მაისისთვის დატოვებდა.
ამას ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც "ვაგნერელებს" ფრონტის დატოვება დე-ფაქტოდ აუკრძალა და მოუწოდა, "კადიროველების" მართვის ქვეშ გადავიდნენ, თავად პრიგოჟინს კი შეუთვალა, "მალე საჭირო ადამიანები დაგიკავშირდებიან და აგიხსნიან, რა როგორააო".