
პირი, რომელმაც ორსულები სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა, პასუხისგებაში მისცეს
10/05/2023 06:36:00 სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში ორსულ ქალებთან შევიდა და გააფორმა ფიქტიურად მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში ისინი, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.