პარტია "საქართველოსთვის" არჩევნების დასაცავად, მათ შორის პრეზიდენტსა და სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართავს
10/05/2023 08:05:04 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების დასაცავად ვეტოს უფლების გამოყენებისკენ, სტრატეგიულ პარტნიორებს კი შესაბამისი კანონის მიღების წინააღმდეგ ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" მიერ ცესკოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად უკვე ემზადება".
"საქართველოსთვის" წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ.
"დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები, წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მოტივს,. დაუშვებელია, არჩევნების ბედი წყდებოდეს - ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში. ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად. ასევე მივმართავთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას, ყველა ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ. პარტია "საქართველოსთვის" უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს ყველა ზემოაღნიშნულ აქტორს. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას და გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის", – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამავე თემაზე: რა რისკებს ქმნის "ქართული ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.


