Accentnews.ge
ხაზარაძე: "რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება, ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს"

ხაზარაძე: "რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება, ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს"

10/05/2023 15:25:07 პოლიტიკა

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე შიშობს, რომ საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება, ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს.

ხაზარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას "ქართული ოცნების" მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს. რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა. ასევე, რუსების უკონტროლო და უვადო შემოსვლა წინააღმდეგობაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. "ლელო" ითხოვდა და ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სარკისებური პრინციპით. რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას", - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქში", პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: „ნიადაგი იქმნება“: რატომ მოუხსნა რუსეთმა საქართველოს ორი სანქცია

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

  • დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებრვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა.

რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.

მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S