10-05-2023 19:35:18 ინტერვიუ
ნიადაგი იქმნება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად,– ეჭვობს ჯერ უსაფრთხოების სექტორიდან, შემდეგ მის მიღმა რუსეთის პოლიტიკაზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა დროს დაწესებული ორი სანქცია გააუქმა. საუბარია ფრენებსა და სავიზო რეჟიმზე.
ინფორმაციისთვის: რუსეთმა სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ დსთ–ს წევრი საქართველოსთვის 2000 წელს შემოიღო, პანკისის ხეობიდან „ტერორისტების შედინების საფრთხის“ არგუმენტით. თავის მხრივ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააწესა, თუმცა 2011 წლიდან რეჟიმის შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო და 2012 წელს ცალმხრივად გააუქმა კიდეც. რაც შეეხება ფრენებს, რუსეთმა ის ასევე ცალმხრივად შეაჩერა 2019 წელს, „გავრილოვის ღამით“ ცნობილი მოვლენების შემდეგ.
იხილეთ ასევე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს
მას შემდეგ თემით სხვადასხვა რანგის რუსი ოფიციალური პირები ხშირად სპეკულირებენ (განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში), მათ შორის სერგეი ლავროვის და ვლადიმირ პუტინის დონეზეც, თითქოს საქართველოში არსებული „რუსოფობიული“ განწყობები უშლიდა ხელს გადაწყვეტილებას და ამისთვის „შესაბამისი წინაპირობებია საჭირო, „რომელთა შესახებ თბილისში კარგად უწყიანო“. ამ წინაპირობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამთ, თუმცა, გიორგი ბილანიშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი ოფიციალური თბილისის ქცევით ახლა უფრო კმაყოფილია, ვიდრე იყო და ფიქრობს, რომ იქმნება „ნიადაგი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“.
იხილეთ ასევე:
„ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არაა – ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხია: რუსეთმა ჩათვალა, რომ ნებსით და უნებლიედ, საქართველოს მხრიდან იმგვარი პირობები შეიქმნა, რომელიც მისთვის მისაღებია და ორი ნეგატიური სანქცია ერთად გააუქმა. ზოგადად, როდესაც ქვეყანა რაღაც გადაწყვეტილებას იღებს, ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული გადაწყვეტილება – ის შემდგომ ნაბიჯთან უნდა იყოს დაკავშირებული“,– ამბობს „აქცენტთან“ გიორგი ბილანიშვილი და გვიზიარებს საკუთარ მოლოდინსაც. კერძოდ, ანალიტიკოსი თანმდევ აქტივობებს ორი მიმართულებით ელის:
„ვერ ვიტყვი, რომ ეჭვი გამიძლიერდა, მაგრამ ერთი ინდიკატორი ჩანს: აფხაზეთში დრამატულად არის გაზრდილი ტვირთების ტრანზიტი, შემდეგ ზღვით ხდება ტრანსპორტირება თურქეთის მიმართულებით“,– ამბობს ბილანიშვილი. ამ კონტექსტში ის იხსენებს 2011 წელს რუსეთ–საქართველოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას და განაგრძობს:
„ქართველი პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ ეს ქართული მხარის დიდი მიღწევაა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი: ის შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის აღდგენას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გავლით იმ პირობებში, რომ ფსოუზე და ენგურზე უნდა მოხდეს ტვირთების განბაჟება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია! იგივე პირობებია ცხინვალის მიმართულებითაც. დარწმუნებული ვარ, ახლა რუსეთი ახალი სატრანზიტო მარშრუტების ამოქმედებით და გახსნითაა დაინტერესებული. მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არ ველი: საპარლამენტო არჩევნების წინ ამ თემის „გაცოცხლება“ წესით, ძალიან წამგებიანი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, რაც ლოგიკურად, რუსეთის ინტერესებში არ შედის“.
ბილანიშვილი ადასტურებს, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო ტრანზიტს და რომ ის მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობას ეხება საქართველოს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის გავლით, მაგრამ ანალიტიკოსი სხვა რისკებზე ამახვილებს ყურადღებას:
„დავუშვათ, ამოქმედდა ეს დერეფნები და ტვირთი ჩვენთან შემოდის არა ლარსის, არამედ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის გავლით, როგორ ფიქრობთ, თურქეთი, ირანი, სომხეთი იმავეს არ მოითხოვენ? აზერბაიჯანს 2020 წლის შემოდგომამდე ნეგატიური პოზიცია ჰქონდა ამ დერეფნის გახსნის მიმართ, ახლა მისი პოზიცია ბევრად უფრო შერბილებულია ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე. ამასთან, აზერბაიჯანი 3+3–ის ფორმატის მონაწილეა, რომლის დღის წესრიგშია რეგიონში ბლოკირებული დერეფნების გახსნა. იქ მხოლოდ ზანგეზურის დერეფანზე არაა საუბარი [აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ნახიჩევანთან, რომელიც სომხეთზე გადის]. ფორმატში საქართველო არ მონაწილეობს, მაგრამ მიწვეულია და იქ რომ ვიყოთ, ჰიპოთეტურად, რომელ დერეფნებზე უნდა ვისაუბროთ?“.
იხილეთ ასევე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე
მისი დაკვირვებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე გამავალი დერეფნების მიმართ რეგიონის ქვეყნების პოზიცია შეიცვალა:
ამასთან, ექსპერტის თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატიური ურთიერთობების და სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენაზე:
„თუ ამ მიმართულებით ირღვევა სომხეთის ბლოკადა, იგივე აფხაზეთის დერეფნის გახსნის წინააღმდეგ რატომ წავლენ ბაქო და ანკარა? ყოველ შემთხვევაში, თუ მანამდე მხოლოდ რუსეთისგან შეიძლებოდა, გვქონოდა სერიოზული ზეწოლა ამ დერეფნების გახსნაზე, ახლა ეს მოცემულობა შეცვლილია რუსეთის სასარგებლოდ: ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც არ შეეწინააღმდეგებიან გახსნას, მეტია, ხოლო უარყოფითი პოზიციის მქონე ქვეყანა ფაქტობრივად აღარ არსებობს. საქართველოს კი საერთაშორისო ტრანზიტისთვის არა, მაგრამ რუსეთთან ვაჭრობისთვის დერეფნის გახსნის ვალდებულება აქვს აღებული და როგორც კი აღადგენს, შემდეგ გაიზრდება წნეხი, „თუ ლარსის გავლით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევ იგივე სომხეთს, რატომ არ აძლევ აფხაზეთის გავლითო?“.
იხილეთ ასევე: „დინებები ფიქსირდება“: მეზობლები ალტერნატიული გზების ძიებაში და საქართველოს ინტერესები
მაინც რატომ არ არის საქართველოს ინტერესში არსებულ მოცემულობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი დერეფნების განბლოკვა, ბილანიშვილი საკუთარ არგუმენტებს შემდეგნაირად აყალიბებს:
ამ ვითარებაში რეგიონში მარტოდ, პარტნიორების გარეშე დარჩენა წარმოუდგენელია, მაგრამ ბილანიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ჩვენი სამწუხარო მოცემულობა: „ქართულმა ოცნებამ“ და მასთან აფილირებულმა ჯგუფებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რომ დაეზიანებინათ საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობები“.