
"ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან"
16/11/2019 10:23:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციურ მოცემულობასთან, შესაბამისად, "გერმანული მოდელით" არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობა შეუძლებელია სამართლებრივი მიზეზით.
„ამაზე საუბარი 2016 წელსაც იყო. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, – განაცხადა კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღის მიუხედავად, პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები რიგგარეშე იქნება, თუ არ იქნება რიგგარეშე და ჩატარდება ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგის კუთხით, პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება არც ერთ შემთხვევაში. დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა. მათაც არ აწყობთ. უბრალოდ, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს, ოპოზიცია ვერ შეჯერდა. ამაზეც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, თუ რა მოთხოვნა უნდა დააყენონ“, – განაცხადა კობახიძემ.
იხილეთ ასევე:
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნების” წევრების დღევანდელი განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ მათ არ უნდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს იყო „ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი ჩაგდება”.
„რასაც არ უნდა ამბობდეს დღეს „ქართული ოცნება”, ჯერ ერთი ტყუიან, ტექნიკურ-ლეგალურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, ის მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, არის ზუსტად იდენტური ე.წ. გერმანული მოდელის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ აქ ლაპარაკია პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ გაშიშვლდება, რომ მათ არ უნდათ. სულ 30 ხმა უნდა ახლა „ქართული ოცნებიდან”, რომ ეს „გერმანული მოდელი“ გავიდეს და არსებითად პროპორციული სისტემა მივიღოთ, მაგრამ ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს მათ კომენტარებში, რომ ამის სურვილი არ აქვთ. თუ გახსოვთ, 20 ივნისს მთელი დღის განმავლობაში იძახდნენ, კობახიძე არსად არ წავაო და მოუწიათ მერე მეორე დღეს გადაყენება. მთავარი კითხვაა, რას ვაპირებთ ჩვენ, საზოგადოება, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევნები და უფლება, რომ თავისუფლად და სამართლიანად გავაკეთოთ მომავალზე არჩევანი. ამას ემსახურება ეს პროტესტი და ამ პროტესტით და საზოგადოებრივი ზეწოლით აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს”,- განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის: სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.
შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ოფისიდან დეპუტატი გუგული მაღრაძე გამოვიდა. შეკრებილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – „გრცხვენოდეთ“, „მონებო“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ სამართალმცველია, ხელი დაარტყა. „ქართული ოცნების“ ოფისთან მყოფმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მას მოუწოდა, აღნიშნული ფაქტი პოლიციის განყოფილებაში დააფიქსიროს.