
ბახმუტის მიმართულებით მტერმა რიგ მონაკვეთებზე ორი კილომეტრით დაიხია – გენერალი სირსკი
10/05/2023 18:50:50 ევროპა
ბახმუტის მიმართულებით მტერმა ზოგიერთ მონაკვეთზე 2 კილომეტრით უკან დაიხია,– ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ალექსანდრე სირსკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
“ბახმუტის მიმართულებით გააზრებული თავდაცვის შედეგად ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტური ქმედებების შედეგებს ვიღებთ. მათ შორის წარმატებულ კონტრიერიშებს ვაწარმოებთ. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ მოახერხა უკრაინელი დამცველების ზეწოლის შეკავება და 2 კილომეტრამდე უკან დაიხია”, - წერს სირსკი.
მისი თქმით, უკრაინელების გააზრებულმა თავდაცვითმა ოპერაციებმა “ვაგნერის” მომზადებული ძალები გამოფიტეს, რის შედეგადაც ისინი იძულებულნი იყვნენ, პოზიციები რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის უარესად მომზადებული ქვედანაყოფებისთვის დაეთმოთ, რომლებმაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს:
“ჩვენ ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და მტერს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება”, - აღნიშნა სირსკიმ.
მანამდე უკრაინული მედია გენერალზე დაყრდნობით წერდა:
"მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის აღებას“.