რუსეთი და ევრაზიული კავშირი - ევროკავშირის ნაცვლად?

10-05-2023 22:55:00 ანალიზი

პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დღეს ტრადიციულად, ერთი და იგივე ტექსტით მიესალმებოდნენ.

მათი ძირითადი გზავნილი "საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაში" მდგომარეობდა და ეყრდნობოდა, მათ შორის, კრემლის ცნობილ სადეზინფორმაციო ნარატივს, თითქოს რუსეთში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს. ეს - მაშინ, როცა რეალურად, თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც არ აღწევდა, ხოლო ბოლო წელს კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას იქიდან ათასობით ქართველიც გამოექცა.

მოგვიანებით უფრო გულახდილად განმარტა საქართველოს მმართველი ძალის პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომლის განცხადების არსი ფაქტობრივად, შემდგომში მდგომარეობდა: საქართველოს სურს ევროკავშირი, მაგრამ რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

ეს - იმ ფონზე, როცა დასავლელმა პარტნიორებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს თბილისი აგრესორ სახელმწიფო რუსეთთან ავიამომისვლის განახლების შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების თაობაზე, დღეს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს გაფრთხილება კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გაიმეორა. ამასთან, სახდეპი "საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვის" შესახებ "ოცნებელთა" განცხადებებსაც გამოეხმაურა. "[...] ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ "აქცენტისთვის" მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

და ძნელია, ამას არ დაეთანხმო. გარდა ამისა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციები რომ ცალსახად არ შეუწყობს ხელს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას - ეს ალბათ, თავად "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დიდ ნაწილს ესმის, ხოლო თუ ვინმეს არ ესმის, დროა, გაიაზროს.

მხარდამჭერთა სწორედ ამ ნაწილზეა ალბათ, გათვლილი "ოცნების" ტროლ-ბოტების მორიგი ანტიდასავლური კამპანიაც, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოთ ხსენებულ გართხილებას მყისიერად მოჰყვა: "ხედავთ? - საქნციებით გვემუქრებიან, ასე კი მხოლოდ მტერი იქცევა და არა პარტნიორი და მოყვარეო". რეალურად კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილების ლოგიკა სრულიად გასაგებია და მარტივად აღსაქმელი: რუსეთიდან რეგულარულ ფრენებს ის რუსული ავიაკომპანიები შეასრულებენ, რომელთა უმრავლესობა დასავლეთის მიერ უკვე სანქცირებულია და თუ ისინი თბილისში იფრენენ, გამოდის, რომ თბილისი მოსკოვის არა მარტო ეკონოიკური, არამედ პოლიტიკური მოკავშირეც ხდება და ამაში, ბუნებრივია, ფასი უნდა გადაიხადოს.

რუსეთი - დასავლეთის სანაცვლოდ, პუტინის ევრაზიული კავშირი - ევროკავშირის ნაცვლად; მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლირებული მოსკოვი პარტნიორს საქართველოს ხელისუფლებაში პოულობს, რუსეთის ამ პარტნიორობის ფასი კი ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმა და ქვეყანაში რუსეთის ინტერესების პირუთვნელად გატარებაა; "ოცნებამ" თავისი ქმედებებით უნდა აიძულოს ევროკავშირი, საქართველოს წინაშე კარი დახუროს, მაშინ საქართველოსთვის ფართოდ გაიღება რუსეთის კარი - ოკუპანტი სახელმწიფოსი, რომლის აგრესორი, ტერორისტი, საერთაშორისო დამნაშავე მმართველი ვლადიმირ პუტინი დიდი ხანია, აღარ მალავს სსრკ-ის აღდგენისა და ამ ახალ რუსულ იმპერიაში, მათ შორის, საქართველოს ხილვის სურვილს.

ასე აფასებენ ანალიტიკოსები პუტინის 10 მაისის ბრძანებულებებსა და მათთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომელიც უკრაინის ომის ფონზე უკვე არაერთ სხვა ნაბიჯშიც გამოიხატა.

"მაშინ, როდესაც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში ქვეყნებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ან უკვე გაწყვეტილი აქვთ, ან გაუარესებული, ჩვენ მოსკოვთან ურთიერთობებს ვააქტიურებთ იმ პირობებში, როცა არც ერთი ჩვენი "წითელი ხაზი", არც ერთი ის პრობლემა, რომლის გამოც რუსეთთან ეს ურთიერთობები გვქონდა შეჩერებული, არ მოგვარებულა" - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია.

"რუსეთიდან მომავალ ნებისმიერი სახის სიახლეს, მათ შორის - ისეთს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შესაძლოა, რაღაც მიზეზით ახარებდეს კიდეც, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან პუტინის გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღებოდა და მიიღება კეთილი ნების საფუძველზე. ამ შემთხვევაში საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი პუტინი რეგიონში ისეთი ქვეყნების დაახლოებას ცდილობს, რომლებიც მისი საყრდენის როლს შეასრულებენ ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. რაც ხდება, მორიგი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველომ გაცვალოს ევროკავშირთან ინტეგრაცია რუსეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - რუსეთთან დაახლოებაში, ევროკავშირის ეკონომიკური ბლოკი - რუსეთის ევრაზიულ კავშირში", - ამბობს პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე.

"თუ ფრენები სანქცირებული რუსული ავიაგადამზიდავების მეშვეობით განხორციელდება, ეს ძალზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, სწორედ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილებოდა ევროპაში "წითელ ხაზად" - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიგი გიგიაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები