ლორთქიფანიძე: „იმედია, რუსეთის საპასუხოდ ევროპელებიც შეეცდებიან ჩვენი მოსახლეობის გულის საბოლოოდ მოგებას და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭენ“

11-05-2023 00:39:05 პოლიტიკა ,კომენტარი

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის შეფასები, სავიზო რეჟიმის გაუქმებით რუსეთის პოლიტიკა იცვლება საქართველოსთან მიმართებით და ამ ცვლილებას არანაირი ჰუმანიტარული საფუძველი არ აქვს.

„რუსეთის მიზანია კიდევ უფრო მეტად გავხდეთ მასზე ეკონომიკურად დამოკიდებული და როდესაც ეს დამოკიდებულება კრიტიკულ მნიშვნელობას შეიძენს ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ოჯახებისთვის, მაშინ წაგვიჭიროს ყელში. რა უნდა ღარიბი და რეალური ეკონომიკის არმქონე ქვეყნისა თუ მისი მოქალაქეების დამორჩილებას?! საერთაშორისო იზოლაციის ზრდის ფონზე, უკრაინაში წარუმატებელი და უსაშველოდ გაჭიანურებული სისხლიანი ავანტიურის შემდეგ კრემლს მეზობელ სახელმწიფოებსა და მათ საზოგადოებებზე გავლენის ზრდა ჰაერივით სჭირდება“.

ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია და თავს „დასაჩუქრებულად გრძნობს“, ფიქრობს, რომ ის მუქარის ქვეშაა:

„მჯერა, ჩვენი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და სიმდიდრის, პრივილეგიების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.

ისიც უპირობოდ ცხადია, რომ ჩვენს მთავრობაში პატიოსნებისა და კვალიფიკაციის უმწვავესი დეფიციტია. უბრალოდ, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლება საჩუქრების მიღების რეჟიმში კი არა, მუდმივი ზეწოლის ქვეშ არის.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად ემუქრებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიით, ადმინისტრაციულ საზღვრებთან დივერსიებით, ბორდერიაციის პროცესის აგრესიული განახლებით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების დაწიოკებით, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანებით, შიდა არეულობების, შფოთისა და მღელვარების წახალისებით და ა.შ. მუქარებს კი ბონუსად მოჰყვება პირდაპირი ავიარეისები და სავიზო რეჟიმის გაუქმება, რათა სუსტ, არაკვალიფიციურ, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ და დაშინებულ მთავრობას მორიგი შავი ჩრდილი მიადგეს“.

ამდენად, მისი შეფასებით, „ეს საჩუქარი კი არა, ხელისუფლების კიდევ უფრო დასუსტების მცდელობაა“.

„როგორ შეეძლო "ოცნებას" ამ სიტუაციის თავიდან არიდება? დასავლეთის პროგრესულ წრეებთან (და არა ქორებთან ან ორბანთან) ხიდების მშენებლობით, იუსტიციის საბჭოში ორი-სამი კარგი რეპუტაციის მოსამართლის დანიშვნით, ცესკოს წევრად ორი-სამი პროფესიონალის არჩევით, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებით, ნაციონალების მიღმა ორი-სამი კონსტრუქციული და მათდამი დაუქვემდებარებელი პარტიის წარმოქმნის დაშვებით, საზიზღარი ოპოზიციური მედიის ლიდერის არასერიოული ბრალდების საფუძველზე დაჭერისგან თავშეკავებით და ა.შ.“,– ამბობს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ ნაცვლად ამისა, ხელისუფლებამ დასავლეთთან ხიდები დაწვა და „ძალაუფლების ასი მარცვლიდან ორი-სამი მარცვალიც კი არ დათმეს თავისუფალი გათამაშებისთვის.ჰოდა, ახლა რუსეთის მუქარისა და სიმონიანის ყალბი ქება-დიდების წინაშე ძრწიან...

ერთი დიდი პლიუსი მაინც აქვს უვიზო მიმოსვლის დაწესებას,– ფიქრობს ლორთქიფანიძე და

იმედს გამოთქვამს, რომ „რუსეთის საპასუხოდ ევროპელებიც შეეცდებიან ჩვენი მოსახლეობის გულის კიდევ ერთხელ, საბოლოოდ მოგებას და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭენ“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები