11-05-2023 15:33:44 კომენტარი
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (1995-2003 წწ) ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების” მთავრობას კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა დროს დაწესებული სანქციების მოხსნით რუსეთი გლობალური მასშტაბით დაზიანებული რეპუტაციის „შველას“ ცდილობს და დემონსტრირებას, თითქოს მეზობელ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს, ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით ნაბიჯებს დგამს.
„ერთი რამ უეჭველია, რომ რუსეთი უკან იხევს, ცდილობს თავისი დაზიანებული რეპუტაციის რაღაცნაირად შველას, თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ასეთი გადაწყვეტილებებით ამის გაკეთება შეუძლებელია“,– ამბობს „აქცენტთან“ მენაღარიშვილი და იქვე დასძენს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთადერთი გზა დეოკუპაციის მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემაა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების პოზიციონირებას, რომელთაც ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება ერთგვარ ჰუმანიტარულ ნაბიჯად შემოგვთავაზეს და მიესალმნენ კიდეც, მენაღარიშვილი ამბობს: „მე ასე არ მეჩვენება. ამგვარად ამის გაგება ცოტა მიჭირს“.
„ვიღაცას ასე ესმის, ვიღაცას არა. პირადად მიჭირს წარმოდგენა, რომ რუსეთი უცებ სულ სხვა გახდა: ჰუმანური, კეთილმეზობლური და ა.შ. სად წავიღოთ 2008 წლის ომი? მსხვერპლი? ოკუპაცია? ამ ხნის განმავლობაში გატარებული პოლიტიკა? უკრაინაში საეროდ საშინელებას სჩადის...“.
მისი თქმით, „ჩვენ გვაქვს დეოკუპაციის სტრატეგია და განუხრელად უნდა გავაგრძელოთ მისი განხორციელება ქვეყნის რეალურ დეოკუპაციამდე“.
მენაღარიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებს ესმით არსებული მოცემულობა და არ ელის, რომ პუტინის გადაწყვეტილებას „განსაკუთრებული შედეგი“ , მოჰყვება, მათ შორის, იმიჯის თვალსაზრისით.
„ჩვენ ჩვენი საქმის კეთება ბოლომდე და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ. [...]
ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ რუსეთი და პუტინი შეძლებენ ვინმეს შეცდომაში შეყვანას ამგვარი ნაბიჯებით“.
იხილეთ ასევე: „ნიადაგი იქმნება“: რატომ მოუხსნა რუსეთმა საქართველოს ორი სანქცია
ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.