
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს
17/11/2019 05:44:47 სხვა, მსოფლიო
ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა სავაჭრო შეთანხმების პირველი ნაწილის საკვანძო საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კონსტრუქციულ გარემოში იმსჯელეს სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე და მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო. 2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.