
იუსტიციის მინისტრი პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანას არ გამორიცხავს
12/05/2023 13:26:45 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის გადაყვანას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, "თუ იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ უკვე შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი".
„მსჯავრდებული სააკაშვილი არის პატიმარი და ჩვენ როგორც ადრე, ასევე ახლაც, ვმოქმედებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია უკვე მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამჟამად, იგი იმყოფება კლინკა „ვივამედში“ და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, რომ ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი, ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად, ის აგრძელებს მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მანამდე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, სტრასბურგმა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი განუცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურნალოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი [სააკაშვილის] შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა ბრეგაძემ.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განაცხადი 11 აპრილს გაიგზავნა.
მანამდე, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა და მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა. კერძოდ, ორთვიანი განხილვის შემდეგ პირველმა ინსტანციამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა, არ დააკმაყოფილა.