6 პარტია: რუსეთიდან ფრენების აღდგენა უანგარო გადაწყვეტილება არ არის
12/05/2023 14:41:42 პოლიტიკა
ექვსი პოლიტიკური პარტია ერთობლივი განცხადებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ამით იზრდება რეალური საფრთხე ხელახალი თავდასხმის შესახებ.
"საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო. სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება", - წერია "დროას", "გირჩი-მეტი თავისუფლების", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ერთობლივ განცხადებაში.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.
იხილეთ ასევე: რატომ მოუხსნა რუსეთმა საქართველოს ორი სანქცია


