ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

12-05-2023 19:31:49 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსს ხელმძღვანელობს, რუსეთს თურქეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.

ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ რუსეთი არჩევნებში გაყალბებული ვიდეოებისა და მასალების შეთხზვით ერევა.

„თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან! ჩვენ კვლავ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრე ვართ”, - განაცხადა თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა.

კრემლში ბრალდება უარყვეს. პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან".

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. ამ არჩევნებს სერიოზულ გამოწვევად ასახელებენ ერდოღანის ხელისუფლებისთვის, რომელიც 20 წელია, მართავს ქვეყანას. საზოგადოების უკმაყოფილება გაიზარდა ეკონომიკური პრობლემების გამო, რასაც დაერთო დამანგრეველი მიწისძვრები. ხელისუფლებას აკრიტიკებენ უკონტროლო მშენებლობებისა და სამძებრო სამუშაოების არასწორად წარმართვის გამო.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი მაღალია, ხოლო საპრეზიდენტოში მეორე ტურებს პროგნოზირებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები