12-05-2023 23:02:09 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.
12 მაისის დილას, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სოთკის მიმართულებით (სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილი) და უპილოტო საფრენი მოწყობილობები (დრონები) გამოიყენეს", –ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაიჭრა ორი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მოგვიანებით სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მძიმე იარაღის გამოყენებით გაუხსნეს ცეცხლი სომხურ პოზიციებს აზერბაიჯანის საზღვართან, გეღარქუნიქის პროვინციაში, სოფელ კუტთან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის პოზიციებს" საზღვარზე. 11 მაისს, სასაზღვრო შეტაკებებისას დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო და ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა 14 მაისს უნდა შედგეს ბრიუსელში ევროპის კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით. ამასთან, როგორც დაანონსდა, ფაშინიანი და ალიევი ერთად შეხვდებიან საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ევროპის კავშირის სამიტისას, რომელიც 1 ივნისს მოლდოვაში გაიმართება.
11 მაისს ფაშინიანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა, რომ ის ისწრაფვის, ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებებს ბრიუსელში.
მანამდე თვის დასაწყისში დაპირისპირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართა აშშ–ში.