
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას“
17/11/2019 12:06:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციური გაერთიანების ერთ–ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება უნდა მოახდინონ.
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია. როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველობა გეუბნება, რომ ფეხებზე მკიდიხართ მოქალაქეებო, ოპოზიციური პარტიებო და არასამთავრობო ორგანიზაციებოო, კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო მის მოქალაქეს დავუბრუნოთ. თანამდებობის პირებს მინდა, ვუთხრა ახლა დაჯექით და ნიურნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ. ნუ ცდილობთ, მარტო ივანიშვილს დააბრალოთ ყველაფერი, რადგან თქვენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები პასუხს აგებთ, მორალურს მაინც", – განაცხადა ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მან სამართალდამცველებს მიმართა, არ დაუშვან "გავრილოვის ღამის" გამეორება:
"ბიჭებო, ყველაფერი იცვლება, ხომ იცით? თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, ამათ სამსახურში არ ხართ. კარგად დაფიქრდით და გავრილოვის ღამე აღარ გაიმეოროთ”.
ცნობისთვის: პროტესტი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშნვაა, რომელიც ე.წ გერმანული მეთოდით გაიმართება.