კობახიძე რუსული "Azimuth Airlines"-ის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებელი ქვეყნების" ჩამონათვალიდან წაშალის ფაქტს "მნიშვნელოვან ჟესტს" უწოდებს
16/05/2023 09:24:46 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსული კომპანია "Azimuth Airlines"-ის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებელი ქვეყნების" ჩამონათვალიდან წაშალის ფაქტს "მნიშვნელოვან ჟესტს" უწოდებს.
მისი შეფასებით, "ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეკულიანტები არიან":
„თავისთავად ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებ–გვერდიდან. სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხიდან ნამდვილი სპეკულიანტები არიან. ანუ ცდილობენ სპეკულირებას იქაც კი, სადაც სპეკულირების არავითარი საბაბიც კი არ არსებობს".
ამავე თემაზე: რუსულმა ავიაკომპანია "Azimuth Airlines"-მა, რომელიც 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს, რუსეთის მიერ ოკუპირებული, ხოლო შემდეგ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებული აფხაზეთი და ცხივალის რეგიონი ("სამხრეთ ოსეთი") ქვეყნების ჩამონათვალიდან წაშალა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


