
რუსულმა "Azimuth Airlines"-მა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან წაშალა
15/05/2023 23:55:21 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსულმა ავიაკომპანია "Azimuth Airlines"-მა, რომელიც 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს, რუსეთის მიერ ოკუპირებული, ხოლო შემდეგ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებული აფხაზეთი და ცხივალის რეგიონი ("სამხრეთ ოსეთი") ქვეყნების ჩამონათვალიდან წაშალა.
მანამდე რუსული ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე მოცემულ ქვეყნების ჩამონათვალში ორივე ოკუპირებული რეგიონი ფიგურირებდა, რასაც სოცქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მიაქციეს ყურადღება და ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევად მიიჩნიეს.
ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველთა" ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა კითხვით: "ფრენის ნებართვა გაეცით კომპანიაზე, რომელსაც საიტზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად აქვს მითითებულიო?". ამის შემდეგ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალი შეიკვეცა, ორიოდ საათში კი მშვენიერაძემ ახალი ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა და მკითხველებს მომხდარის შესახებ აცნობა.
თუმცა პრობლემა ამოწურულად ვერ ჩაითვლება: სოცქსელების მომხმარებლებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ ხსენებული რუსული ავიაკომპანია რეისებს რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ სიმფეროპოლშიც ასრულებს.
სწორედ "Azimuth Airlines" შეასრულებს საქართველოსკენ პირველ რეისს, რომელიც 17 მაისისთვისაა დაგეგმილი.
"რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით ამ დროის მონაცემებით 5 ავიაკომპანიის განაცხადია შემოსული. მათ შორისაა ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways". ჩვენ გავაანალიზეთ ყველა იმ ქვეყნის მაგალითი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიები ახორციელებენ ფრენებს და შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში აღნიშნული ავიაკომპანიებიც ახდენენ რუსეთში ოპერირებას და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ არც ერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია ევროპის ქვეყნების "შავის სიის" მიხედვით, არც ერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, საქართველოს მიმართულებით არ იოპერირებს. ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადის წარმოდგენას შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და ავიაკომპანია, რომელიც სურვილს გამოთქვამს ოპერირებასთან დაკავშირებით, მათ უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც მოგახსენეთ, უკვე 5 ავიაკომპანიის განცხადებაა შემოსული, საიდანაც ერთის შემოწმება უკვე დასრულებულია და ეს გახლავთ azimuth airlines, რომელიც 17 მაისიდან შეძლებს ფრენების შესრულებას. აღნიშნული ნებართვა დღეს გაიცა საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს მხრიდან და ფრენები 17 მაისიდან დაიწყება“,- განაცხადა 15 მაისს გივი დავითასაქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობამ.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულება აუქმებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვას, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.