კობახიძე – ბერძენიშვილის შესახებ: "მენტალური პრობლემები აქვს, გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს"
16/05/2023 09:46:33 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროფესორი ლევან ბერძენიშვილს "საცოდავ კაცს" უწოდებს. მისი მტკიცებით, ბერძენიშვილს მენტალური პრობლემები აქვს და არის "უცხოელი აგენტი, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს".
„ჯერ მე მგონი, არც არავის უჩვენებია, ხო, ის ოცი კაცი, რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცია არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენო და ისე იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა როგორც ჩანს მათი ღიმილი, თან ღიმილი როგორი იყო ესეც დააკონკრეტა. მარტივი სპეკულაციაა სინამდვილეში. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მე მგონი ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს, მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენად ის, რომ იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს. ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე, აკაკი წერეთელზე, ასევე დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ასევე თქვენ მოისმინეთ რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზეც – ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების, მაგრამ ნუ ეს გასაკვირი არ არის. წარსულზე და ისტორიაზე ხაზის გადასმას ცდილობს და ნუ, აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს გასაკვირი არ არის. საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი და ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე არის ადამიანი, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს მუდმივად ასრულებს“, – განაცხადა კობახიძემ.
პროფესორ ლევან ბერძენიშვილის თქმით, გუშინ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. იგი ვარაუდობს, რომ ისინი მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მივიდნენ.


