
ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება
17/11/2019 18:15:01 სხვა, სამართალი
თბილისში, ატენის #20–ში მკვლელობა მოხდა: ვრცელდება ვერსია, რომ ახლგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ისინი ცდილობდნენ ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში სამი ცხედარი დახვდათ. ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ვერსიით, 30 წლამდე მამაკაცს, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა და სამშობლოში ახლახანს დაბრუნდა, კონფლიქტი ჰქონდა დასთან და არ არის გამორიცხული, მომხდარიც ამას უკავშირდებოდეს.
არსებობს მეორე ვერსიაც და ამ ვერსიის თანახმად, სამივე პირი სხვის მიერაა მოკლული.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ორი მუხლით: სსკ–ის 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და სსკ–ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე განზრახ მკვლელობის მუხლით არ არის აღძრული, სავარაუდოა, რომ შსს–ც სწორედ სამივე პირის მკვლელობის ვერსიას განიხილავს.