
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა: „დარბევისთვის ემზადებიან!“
17/11/2019 17:01:01 სხვა, საზოგადოება
პარლამენტთან ოპოზიციის ლიდერებსა და პოლიციის წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა. მიზეზი ოპოზიციის ავტომანქანის გაჩერება გახდა. კერძოდ, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, მანქაში, რომელიც კრიმინალურმა პოლიციამ გააჩერა, შეშა, ქვიშა და სხვადასხვა საშუალებები გადაჰქონდა, რომლებიც მოქალაქეებს ღამის გასათევად სჭირდებათ. საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ კახა ბუხრაძემ განაცხადა, რომ აქტივისტებს ქვიშის შეტანის უფლებას არ მისცემს. მიზეზად უსაფრთხოების ზომებს ასახელებს, თუმცა არ განმარტავს, კონკრეტულად რომელ კანონს ეწინააღმდეგება დემონსტრაციაზე ქვიშის შეტანა და რა საფრთხეა ქვიშაში.

„ქვიშა გვჭირდება კარვების გასამაგრებლად, ე.ი. დარბევისთვის ემზადებიან. კი ბატონო, გადაუარეთ მოქალაქეებს“,– განაცხადა უგულავამ.
ბუხრაძემ განაცხადა, რომ არ უთქვამს, რომ ღამით კარვების აღებას აპირებს.
დისკუსია – რა საფრთხეს ხედავს პოლიცია ქვიშაში და რატომ არ არის ეს საფრთხე შეშაში, აქტივისტებს, უგულავასა და პოლიციელებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება. აქტივისტების ნაწილმა პიკეტირების ადგილზე ქვიშის ტომრებით შეტანას ცდილობს, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს. ადგილზე ხმაურია.
განახლება
საბოლოოდ შეთანხმება პოლიციასა და აქტივისტებს შორის შედგა, დემონსტრანტები ავტომანქანას ხელი–ხელ გადაწოდების პრინციპით სწრაფ რეჟიმში ცლიან.