მოსკოვი დასავლეთს სომხეთზე ზეწოლაში ადანაშაულებს

17-05-2023 15:56:07 კავკასია

"დასავლეთი ეუბნება სომხებს, გაყარეთ რუსებიო", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პროპაგანდისტულ ტელეარხ «Царьград»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ინფორმაცია გვაქვს და ვიცით, რომ ისინი [დასავლეთი - რედ.] ეუბნებიან სომხებს, გაყარეთ რუსები, მათ შორის - მესაზღვრეებიც თქვენი ტერიტორიიდან, გააყვანინეთ სამხედრო ბაზაც, ჩვენკენ აიღეთ გეზი და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ამერიკელები დაგეხმარებიანო" - განაცხადა ლავროვმა და ამას "ღია პროვოკაცია" უწოდა.

ამ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გზავნილის ფარგლებში იგი სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს (რუსეთის თაოსნობით ჩამოყალიბებული და მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის") მისიის გაშლის თემის განხილვასაც გამოეხმაურა და განაცხადა:

"ხსენებული მისიის გაშლის შესახებ დოკუმენტი ჩვენი სომეხი მოკავშირეების ინიციატივით ОДКБ-ს 2022 წლის ერევნის სამიტისთვის მომზადდა და სრულად შეთანხმდა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, თუმცა ბოლო მომენტში, სამიტის მსვლელობისას სომეხმა მეგობრებმა დოკუმენტის მიღების გადადება ითხოვეს. ამის გამო შეთანხმების პროექტი დღემდე ქაღალდზე რჩება და ვერ რეალიზდება. არადა, დარწმუნებული ვარ, ერევანს რომ დაედასტურებინა ის, რაც უკვე შეთანხმებული იყო, სომხეთი მოიგებდა და სადღეისოდ უფრო სტაბილური ვითარება ექნებოდა".

ერევანს ლავროვის განცხადებისთვის ჯერ არ უპასუხია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები