17-05-2023 17:10:16 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვაჟზე - აშოთ ფაშინიანზე დღეს მორიგი თავდასხმა განხორციელდა, ბოროტმოქმედებმა ამჯერად მისი გატაცება სცადეს, - იუწყება პრემიერის ოჯახის კუთვნილი გამოცემა "აიქაქან ჟამანაკი".
"წინასწარი მონაცემებით, გატაცება საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ვაჟთა ძახილის" წევრებმა განახორციელეს: მათ აიძულეს აშოთ ფაშინიანი, მანქანაში ჩამჯდარიყო. გარკვეულ მომენტში, როცა მანქანა წამით გაჩერდა, ფაშინიანმა გადმოსვლა შეძლო, რა დროსაც მას სხვა მანქანა დაეჯახა. ბოროტმოქმედები ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით აშოთ ფაშინიანმა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართა" - ნათქვამია ინფორმაციაში..
აპრილის დასაწყისში სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ აშოთ ფაშინიანზე თავდასხმა განხორციელდა, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული. მაშინ პოლიციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ შეტყობინება არ მიუღით, თავად ფაშინიანმა კი თავდასხმა უარყო.
"ვაჟთა ძახილი" 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომში დაღუპულთა მშობლების საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც ვაიქ სააკიანი ხელმძღვანელობს.