
"ბატონო ბიძინა,ნუ გვაშინებთ,თქვენი შემყურე კიდევ უფრო შეშინებულები ვართ"
17/11/2019 19:45:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შედეგს ერთიანობის გარეშე ვერ მიაღწევენ, ამიტომ ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში მან "ნაციონალურ მოძრაობაზე" გაამახვილა ყურადღება.
"მოგვწონს თუ არა, "ნაციონალური მოძრაობა" გამოცდილი პოლიტიკური ორგანიზაციაა. ამ შემთხვევაში ორივე ფრთაზე შეიძლება, ითქვას: ადამიანები, რომლებმაც საქმის კეთებაც იციან, გამოცდილება აქვთ პოლიტიკური და ის, რომ ისინი იქცეოდნენ მთავარ ოპიზიციურ ძალად, ეს სრულიად ნათელი და გასაგები იყო. ახლა მთავარი ამოცანაა, ყველამ ერთად – ცალ–ცალკე ვერ შევძლებთ, ვერც "ნაციონალური მოძრაობა" დამოუკიდებლად და მით უფრო, ვერც დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამჯერად უფრო სუსტ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" – ეს ობიექტურად უნდა ითქვას. ჩვენ ერთად უნდა მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი ხმა არ დაიკარგოს და აისახოს პარლამენტში. რას გვაშინებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოვა, ბურჯანაძე თუ სხვა... ვისაც გადაწყვეტს ქართული საზოგადოება, ის ძალა მოვა. პროპორციული არჩევნები მართლა იძლევა ამის შესაძლებლობას. ასე რომ, ბატონო ბიძინა და "ქართული ოცნების" წარმომადგელებო, ნუ გვაშინებთ. თქვენი შემყურე კიდევ უფრო შეშინებულები ვართ, რადგან არანაირი სიკეთე არ გველოდება. მოგვეცით საშუალება, ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ და ხალხი თვითონ გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში",– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
ცნობითვის: რუსთაველზე მომიტინგეები რჩებიან, მათ ბლოკირებული აქვთ პარლამენტის შენობაში შესასლელები, გაშლილია კარვები. მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები.