
CNN: კიევზე თავდასხმის დროს Patriot–მამინიმალური ზიანი მიიღო, სისტემა მუშაობს
17/05/2023 18:45:28 ევროპა
კიევის მახლობლად რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად Patriot–ისსაჰაერო თავდაცვის სისტემამ მინიმალური ზიანი მკიიღო, იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა ზიანს "მცირე" უწოდა.
16 მაისს შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა ინსპექტორები სისტემის შესამოწმებლად, მას შემდეგ რაც უკრაინელებმა განაცხადეს, რომ სისტემა დაზიანებული იყო.
თავად სისტემა ფუნქციონირებს, – აცხადებენ ოფიციალური პირები და დასძენენ, რომ რადარის კომპონენტი - მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - ხელუხლებელია.
ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ Patriot–ს არ დასჭირდება ბრძოლის ველიდან გაყვანა რემონტისთვის.
გაურკვეველია, Patriot–ის რა ნაწილი დაზიანდა, დაზიანდა თუ არა ის რაკეტის დარტყმით თუ ნამსხვრევების ჩამოვარდნით. საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ სისტემის „ერთი დარტყმით“ განადგურება შეუძლებელია. იგნატმა განმარტა, რომ პატრიოტი შედგება სამეთაურო პუნქტისგან, რადარისგან, ასევე თავად გამშვებისაგან (რვა ერთეულამდე).
16 მაისის ღამეს საჰაერო თავდასხმის განგაში ორჯერ გამოცხადდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, თავდასხმის სამიზნე კიევი იყო.
იგნატმა განაცხადა, რომ კიევს ყველა მიმართულებიდან შეუტიეს
"კინჯალებით“, "კალიბრებით" და "ისკანდერებით". მისი თქმით, რუსი სამხედროები იყენებდნენ სამხედრო თვითმფრინავებს, შავ ზღვაში ბაზირებულ გემებს და სახმელეთო გამშვებებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 16 მაისის თავდასხმის დროს მათ ჩამოაგდეს 18-ვე რაკეტა, მათ შორის – ექვსი „კინჯალი“.
იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისს კიევზე ღამის სარაკეტო თავდასხმის დროს „კინჟალის“ ჰიპერბგერითი კომპლექსის მაღალი სიზუსტის დარტყმით Patriot გაანადგურეს“.
სწორედ ამის შემდეგ იტყობინება CNN ამერიკელებზე დაყრდნობით, რომ კომპლექსი არ განადგურებულა.