
მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულებს 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
18/05/2023 05:58:07 სამართალი
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულებს თავისუფლების 20-20 წლით აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი მონაზონს თავს დაესხა. ბრალდებულებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად,დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ.
სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში სრულად სცნო დამნაშავედ და მათ სასჯელის ზომად თავისუფლების 20-20 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.