
სენაკში, სპექტაკლის - ,, HELLADOS - გაკვეთილი“ პრემიერა შედგა
08/05/2023 14:38:00 რეგიონები, რეკლამა
დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის - ,, HELLADOS - გაკვეთილი“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.
,,HELLADOS” მწერალ ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც ბერძენი და ქართველი ბიჭების განცდებზე, სამშობლოს, მეგობრის სიყვარულსა და მათ ტრაგიკულ ხვედრზე გვიამბობს; კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რასაც ქართველი მწერალი თავის შემოქმედებაში ეხმიანება.
,,HELLADOS - გაკვეთილი“ თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელის, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ, ვახტანგ ნიკოლავას საინტერესო, ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩეოდა.
სკოლა-სტუდიის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი გახლავთ, მსახიობი, სოფი ჩალაშვილი; სასცენო მეტყველების პედაგოგი კი - მსახიობი, თამუნა აბშილავა-კობახიძე.
პრემიერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ეს იყო აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის პირველი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ახალბედა მსახიობებმა დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სახეები შექმნეს.