
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 13 ივნისს დაიწყება
18/05/2023 10:51:32 სამართალი
მარტის აქციების მონაწილის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 13 ივნისს დაიწყება. ცნობილია, რომ სასამართლო სხდომის ხანგრძლივობა 2 საათი იქნება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ბრალდების მხარეს მოწმეებად ჰყავს პოლიციელები, ექსპერტები, რომლებმაც სამართალდაცველებს და პოლიციის დამწვარ მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარეს და ბრალდებულის ერთი მეგობარი.
ბრალდება 21 წლის დემონსტრანტს "მოლოტოვის კოქტეილით" ორი პოლიციელის სხეულის დაზიანებას და პოლიციის ერთი მანქანის, ტოიოტა კოროლას დაწვას ედავება. დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურერბმა თქვეს, რომ დაშავებული ორი პოლიციელიდან ერთს ხელის არეში, მეორეს კი ფეხის არეში ჰქონდა დამწვრობები, ავტომობილის დაწვით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ კი 39 500 ლარი შეადგინა.
ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. დაცვის მხარეს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
"ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს და ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა, მაგრამ მან რომ კონკრეტულად, მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელს ასეთი რამ არ ყოფილა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარეს ერთ-ერთმა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.