პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
18/05/2023 11:03:09 პოლიტიკა
82 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგებით საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.
უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამისი კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.
კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
ცნობისთვის: 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებდა. მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
ამავე თემაზე: რა რისკებს ქმნის "ქართული ოცნების" ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.


