
საკანონმდებლო ორგანო პიკეტირებულია – ჩაიშლება თუ არა დღეს პარლამენტის მუშაობა
18/11/2019 04:41:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, შესაძლოა პარლამენტის მუშაობა შეფერხდეს.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. "გირჩის"ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მმართველ გონდს პარლამენტში თითოეული დეპუტატის შეყვანა ძალის გამოყენებით მოუწევს. სახალხო დამცველი ამბობს, რომ პიკეტირება უკანონოა, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" მაჟორიტარებს ეკისრებათ.
განრიგის მიხედვით, ბიუროს სხდომა დღეს 15:00 საათზე უნდა გაიმართოს, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბიუროს სხდომის ჩასაშლელად ისინი პროტესტის ყველა ლეგიტიმურ ფორმას გამოიყენებენ.უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ნორმალურ ფუნციონირებას აუცილებლად გააგრძელებს, რადგან სწორედ ეს არის ხალხის სურვილი.
საპარლამენტო სხდომებზე დასწრებაზე უარს აცხადებს ოპოზიცია. ეკა ბესელიას ინფორმაცით, სასესიო მუშაობასთან დაკავშირებით, ბოიკოტის საკითხი დღის წესრიგში დგას.
ცნობისთვის: მომიტინგეებმა და ოპოზიციონერთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაატარა. ღამემ რამდენიმე ინციდენტის გამოკლები მშვიდობიანად ჩაიარა. მომიტინგეები ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშნვას ითხოვენ.